პოლიტიკურ პარტია "გირჩში" განხეთქილებაა - "გირჩის" ბორდის წევრები ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ. მათი თქმით, ისინი მზად არიან გარდამავალ პერიოდში საკუთარ თავზე აიღონ ცენტრალური ოფისის მართვა და შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ ვისაც ერთმანეთთან მუშაობა არ სურს, შეხებაც არ ექნება, თუმცა ყველა მხარე იქნება "გირჩში" და გამოიყენებს ცენტრალურ ოფისსაც და პორტალსაც. ამის შესახებ მათ შიდა ჯგუფში ონლაინდისკუსიის დროს განაცხადეს.
ჰერმან საბოს განცხადებით, გარე საქმეებზე, ისეთზე, როგორიცაა სახელმწიფო მოწყობა თუ სხვა პოლიტიკური საკითხები დაპირისპირებულ ოთხეულს ისედაც ერთი აზრი აქვს და შიდა საქმეებზე აზრთა სხვადასხვაობის განეიტრალებას ის და ლევან ჯგერენაია აიღებენ საკუთარ თავზე, რათა "ყველა თავისთვის იყოს და არც "გირჩს" დაუშავდეს რამე".
ფეისბუკლაივს მისი მიმდინარეობისას გამოეხმაურა ზურაბ ჯაფარიძეც. მისი თქმით, ის უარს ამბობს შეთავაზებაზე და არანაირი საერთო ქოლგის ქვეშ არ აპირებს დაპირისპირებულ სამეულთან ერთად "გირჩის" კეთებას.
შეგახსენებთ, გუშინ "გირჩის" ლიდერმა და პარტიული სიის პირველმა ნომერმა ზურაბ ჯაფარიძემ გამოაქვეყნა ფეისბუკპოსტი, სადაც ის ამბობდა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან. კონკრეტული მიზეზი არც ერთ მხარეს არ დაუსახელებია, თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ ეს პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს არ უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები