ხვალიდან, 1 მარტიდან პარლამენტთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. გასვლით აქციებს დაიწყებენ - პირველი გასვლა ხვალ ,12:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის სახლთან იქნება.
"ადამიანებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აპროტესტებენ მოპარულ არჩევნებს და პლიუს ამას მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, პერმანენტულად დავიწყოთ ე.წ. გასვლითი აქციები.
ხვალ 12:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გვექნება პირველი გასვლითი აქცია, სადაც ივანიშვილს შევახსენებთ, რომ ყველა იმ უბედურების სათავე, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის სწორედ ის და სწორედ ის არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი",-თქვა ლაშა ხუსკივაძემ.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ 14 კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები, დროშები.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი 24 საათის განმავლობაში უკვე მეორე ღამეა მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები