
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შეფასებისას აღნიშნავს, რომ "რაც მოხდა გუშინ, ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის".
ზურაბიშვილი წერს, რომ "საკვირველია" რეაქციები, თუ სად იყო პრეზიდენტი შეხვედრის დროს და ასევე, პიკეტიურებები და დაკავებები.
"რაც მოხდა გუშინ, ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის. ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის.
ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ - სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული - პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით.
ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები
