„პროფილი“ ზურა დოიჯაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. მომღერალი ისრაელში მკურნალობდა და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, თუმცა თანხის შეგროვება მის გადმოსაყვანად ვერ მოხერხდა.
ზურა ხაჩიძემ მაია ასათიანთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ისრაელში წასვლა და აეროპორტში მუშაობა ცნობილმა მომღერალმა.
"კუნთების ატროფიის დიაგნოზი ჰქონდა. რამდენიმე ხნის წინ, როცა ხათუნას ვერაგი დაავადება დაუდგინდა, მეც მომიწია ისრაელში წასვლამ. ზურა უკვე ერთი წლის წასული იყო ისრაელში. იქ დამხვდა აეროპორტში, დროებით იქ მუშაობდა, რადგან სამედიცინო დაზღვევა სხვანაირად ვერ ექნებოდა, უნდა ემუშავა აუცილებლად. ამაზე მომიკვდა გული, ზურას რატომ უნდა ემუშავა აეროპორტში. მეგობრებმა წამიყვანეს, რომ სახლში არ მოვიწყინო, ხელფასი მქონდეს და რაც მთავარია, დაზღვევაო. საქართველოდან რომ წავიდა, ამაში ვამტყუნებ საკუთარ თავს და თითოეულმა ქართველმა უნდა დავიდანაშაულოთ თავი. ჩვენ უფრო მეტად ძლიერები უნდა ვიყოთ. საქართველოში არ ჰქონდა ეს დაავადება დადგენილი, მას ფინანსური პრობლემა აწუხებდა და არა ჯანმრთელობა. მას კერძო მევახშეებთან ჰქონდა ჩადებული ბინა, რომელიც შემდეგ დაკარგა. მე ვიცი მისი ტკივილები. ვიცი, როგორ ნერვიულობდა კონკრეტულად ამ ვალზე და უამრავ ადამიანზე, რომელიც მას ეხმარებოდა. იმისთვის წავიდა, რომ ბინის დაკარგვის შემდეგ ახალი ბინა ეყიდა. დაავადებაც იქ გამოუვლინდა…
ზურას ჩემი სახლი შევთავაზე, რომ ეცხოვრა მას და მის მეუღლეს, მაგრამ უარი მითხრა, იმდენად მორიდებული იყო. ძალიან ბევრი წელი, როცა ზურა საქართველოში იყო, ვიხვეწებოდი, რომ მისი პრობლემით დაინტერესებულიყო საზოგადოება და ხელისუფლება და გადაგვერჩინა ეს ადამიანი კრიზისისგან. არაერთი მიმართვა გვქონდა სხვადასხვა ბანკის მეპატრონესთან. ყოფითი პრობლემების გამო დავკარგეთ ძალიან დიდი ადამიანი"
მასალის გამოყენების პირობები