
ოსური მედია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არსებული საეკლესიო-კანონიკური სიტუაციის შესახებ წერს და ცხინვალში მოქმედი ეკლესიის სასულიერო პირთან იაკობ ხეთაგუროვთან ინტერვიუს აქვეყნებს.
იაკობ ხეთაგუროვი თავის თავს ალანიის ეპარქიას მიაკუთვნებს და აცხადებს რომ ეპარქია მოქმედებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად და ის რეგისტრირებულია სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ.
„ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, აღიარებული რუსეთის და სხვა რიგი ქვეყნების მიერ. რესპუბლიკის ხელისუფლებამ ნათლად უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია ჩვენს კანონიკურ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია ასეთია: სამხრეთ ოსეთი- ეს ალანიის ეპარქიის ტერიტორიაა. ჩვენი ეპარქია ამჟამად თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებს. ადრე ჩვენ საბერძნეთის სინოდი გვეხმარებოდა, ახლა კი ეკონიმიკური კრიზისის გამო მათაც უჭირთ.“- აცხადებს ხეთაგუროვი.
იაკობ ხეთაგუროვმა ახალგორის რაიონში მოქმედ ტაძარზეც ისაუბრა, რომელშიც ქართველი სასულიერო პირები მოღვაწეობენ.
„ლენინგორის რაიონში, რომელიც 20 წლის განმავლობაში საქართველოს იურისდიქციაში იყო და ისტორიული სამართლიანობა მხოლოდ 2008 წლის ომის შემდეგ აღსდგა, მრავალი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ჩვენი ეპარქიის კომპეტენციაში არაა, არამედ სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტა ჭირდება, ამ რაიონის ტერიტორიაზე მოქმედებს ქართული მართმადიდებელი ეკლესიის ტაძარი, ასევე დედათა მონასტერი. დღევანდელი დღის რეალიების გათვალისწინებით გაჩნდა საჭიროება, რომ იქ აშენდეს ალანიის ეპარქიის ტაძარი, რომ ჩვენი ეპარქიის წევრებმა შეძლონ ეკლესიაში სიარული და ლოცვა. რაც შეეხება ქართული ეკლესიების ფუნქციონირებას, ეს საკითხი სამმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს- სამხრეთ ოსეთმა, საქართველომ და რუსეთმა. როგორც ცნობილია პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი კანონიკურად ქართული მართმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიაა. ამ ფონზე, მე ვფიქრონ, რომ ალანიის ეპარქიის ტერიტორიის კანონიკურობა ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს.“- აღნიშნავს სასულიერო პირი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე , არის თუ არა კანონიკურად გამართლებული, ის რომ რუსეთის მართმადიდებელი ეკლესია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეკლესიას აშენებს, ხეთაგუროვი პასუხობს, რომ სამხრეთ ოსეთს ძალიან ძლიერი, ხანგრძლივი და ძმური დამოკიდებულება აქვს რუსეთთან და შეცდომა იქნებოდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს სამხრეთ ოსეთში წარმომადგენლობა და ეკლესია არ ქონოდა. ხეთაგუროვის თქმით, მათ რუსეთის საპატრიარქოს სთხოვეს, რომ ეკლესიის მღვდელი წარმოშობით სამხრეთ ოსეთიდან ყოფილიყო. მისი თქმით რუსეთის საპატრიარქომ ეს თხოვნა გაითვალისწინა და ეკლესიაში, რომელსაც რუსეთის საპატრიარქო აშენებს იმსახურებს მღვდელი- სერგეი კოკოევი. რომელიც 2004 წელს საქართველოსთან საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა „სამშობლოს დამცვლთა რიგებში იყო და რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაცვისთვის იბრძოდა“- აცხადებს ხეთაგუროვი.
ხეთაგუროვი რუსეთის საპატრიარქოსთან ურთიერთობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ უკანასკნელ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს რუსეთის რელიგიურ ორგანიზაციებთან ინტეგრაციის პროცესი და ალანიის ეპარქიის წარმომადგენლები ოფიციალურად მიწვეულები იყვნენ რამდენიმე ღონისძიებაზე.
„მე მინდა მოვუწოდო მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელობას გადახედოს თავის პოზიციას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის კანონიკურობასთან დაკავშირებით და ოფიციალურად აღიაროს ეს ტერიტორია ალანიის მართმადიდებელი ეპარქიად. ეს გააძლიერებს ერთმორწმუნე მოძმე ხალხს შორის ურთიერთობას და ფეხქვეშ მიწას გამოაცლის ჩვენს მტრებს.“- აცხადებს ხეთაგუროვი ოსურ საინფორმაციო სააგენტო "Рес"-თან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები
