განტევების ვაცი თუ დამოუკიდებელი მოთამაშე? - გადაყვება თუ არა კალაძე გაზპრომის სკანდალს
15:32, 13 Oct, 2015     3956
„გაზპრომთან“ გამართული ფარული მოლაპარაკების გამოაშკარავების შემდეგ, მთავრობას ისევ განმარტებების გაკეთება უწევს.

საკითხისადმი ფართო ინტერესისა და ვნებათაღელვის დაწყების შემდეგ მთავრობის მეთაური თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა.

ბაქოში გასაიდუმლოებული ვიზიტიდან დაბრუნებულმა ირაკი ღარიბაშვილმა პოლიტიკოსებს "გაზპრომის" თემაზე სპეკულაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პრემიერი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლება არ იგეგმება და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირების თემა დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. თუმცა გასაკვირია, ის ფაქტი რომ "გაზპრომის" შესახებ, პრემიერის მიერ გაკეთებულ განმარტებასთან ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის განცხადება თანხვედრაში არ მოდის და რადიკალურად განსხვავებულ აქცენტებს აკეთებს. კახა კალაძის თქმით, საქართველო გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებზე დივერსიფიცირების მიზნით მუშაობს.

„ქართული ოცნების“ ლიდერების შეუთანხმებელმა განცხადებებმა კიდევ უფრო გააძლიერა საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ღარიბაშვილი და კალაძე მთავრობაში დაპირიპირებულ ჯფუფებს წარმოადგენენ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაზპრომთან გამართული მოლაპარაკებებას კალაძე ღარიბაშვილისგან დამოუკიდებლად აწარმოებდა. გამოჩნდა, რომ არც ენერგეტიკის მინისტრი იყო ინფორმირებული პრემიერის ალიევთან შეხვედრის შესახებ.

ჟურნალისტებმა დღეს ვიცე-პრემიერს კითხეს იყო თუ არა საქმის კურსში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, როცა კახა კალაძე "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრას, რაზეც ენერგეტიკის მინისტრმა დასძინა, რომ ეს არის დარგში არსებული თანამშრომლობა.

"კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ვთანამშრომლობთ "ინტერრაოსთან", შემოგვაქვს ელექტროენერგია რუსეთიდან. წინა ხელისუფლების ხერხემალი ღიად ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს ინვესტიციებთან მიმართებაში. ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა და ენერგეტიკულ მიმართულებას ნუ გავაპოლიტიკურებთ. ნუ გადავიყვანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში. ეს ურთიერთობები წლების წინ იყო, არის და მომავალშიც იქნება", - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, რუსულ გიგანტთან ყველა წინამორბედი მთავრობა თანამშრომლობდა და პრობლემა არ შექმნილა:

„დღეს რატომ წამოიწია ეს საკითხი, როდესაც ჩვენ ყოველწლიურ რეჟიმში ვახორციელებთ ამ კომპანიასთან მოლაპარაკებას. ყოველწლიურად შემოგვაქვს ბუნებრივი აირი რუსეთიდან, ვფიქრობ, გაუგებარია ეს განცხადებები".

ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები ექსპერტებისა და ოპოზიციისთვის არადამაჯერებელია. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კი რეალობის გასარკვევად კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს. კითხვები აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც, სადაც არ გამორიცხავენ, რომ ამ საკითხზე უშიშროების საბჭო შეიკრიბოს.

ქართველი ექსპერტები თანხმდებიან, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები პოლიტიკური თამაშია და საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი და ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ნიუპოსტთან “ აცხადებს, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებას “ ეკონომიკური შინაარსი არ აქვს“.

"ის, რაც გაზპრომთან დაკავშირებით ხდება, ეს არის სახემლწიფო ინტერესების ღალატი. არ მოიძებნება არც უცხოელი, არც ქართველი ექსპერტი, რომელიც ან ეკონომიკურად, ან სხვა რაიმე ლოგიკის მოშველიებით დაასაბუთებდა მის აუცილებლობას” - თქვა გოცორიძემ.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე დარწმუნებულია, რომ „მთავრობის წევრების ხრიდან გაზპრომის საკითხის წამოწევა ერთგვარი ჟესტი იყო რუსეთის მთავრობასთან მიმართებაში და პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმას ისახავს მიზნად“.

ეკონომიკის ექსპერტი კალაძის პოლიტიკით უკმაყოფილიოა და არ გამორიცხავს, რომ ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომთან დამოუკიდებელ თამაშს ეწეოდეს.

„ბატონი კალაძე, რაც კი ნეგატიურია საქართველოსთვის იმას ლობირებს. ჩვენ ძალიან სუსტი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც პოლიტიკური თამაშის წესები არ აქვს, ამიტომ არ გამოვრიცხავ იმას რომ ვიცე-პრემიერი პრემიერისგან გვერდის ავლით აწარმოებს პოლიტიკას“ - უთხრა „ნიუპოსტს“ გიორხელიძემ.

სოსო ცისკარიშვილი კი დარწმუნებულია, რომ პრემიერმა თავის განცხადებაში კალაძე ირიბად გააკრიტიკა.

„ღარიბასვილმა ოპოზიიის ნაწილს მოუწოდა სპეკულაცია შეწყვიტონ, თუმცა ეს განცხადება ეხებოდა ბატონ კალაძესაც, გამოდის ის პრემიერმა ირიბად მაგრამ მაინც გააკრიტიკა. ზოგადად ამ პატარა საქართველოს ამისთანა რა გაუჭირდა, რომ აზერბაიჯანი და ირანი არ იყოს მისთვის საკმარისი წყარო... უმანკო ქალწულებივით არ უნდა ჩავბარდეთ რუსეთს, როდესაც მისი ჯარი ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებულ ენერგო მატარებლის ტრასის ნაწილს უკვე აკონტროლებს“- თქვა პოლიტოლოგმა.

რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გაზპრომის საკითხზე ინფორმაციის მოპოვების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

„გვაქვს კითხვები, რომლებიც გვინდა რომ ძალიან მალე პასუხგაცემული იყოს... რატომ დადგა ასეთი აუცილებლობა, მაშინ როცა საქართველოს ასეთი პრობლემა არ უდგას, არ არის საფრთხე ჩვენი მომარაგების შეფერხების, არც დღეს და არც უახლოეს ხანებში?... გვაქვს შეთანხმება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან. და იმავე აზერბაიჯანთან, ძალიან საფრთხილოა ის ურთიერთობები, რაც ამდენი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული გვაქვს“ - აღნიშნა მარგველაშვილის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე, ხელისუფლებას გაზპრომთან მოლაპარაკებაზე ეკონომიკურ საკითხად დასახელება და პოლიტიკური სფეროს ჩამოშორებას "ნონსენსს" უწოდებს.

დეპუტატმა “ნიუპოსტთან“ საუბრისახ ხელისუფლებას შეახსენა, რომ 2006 წლის რუსეთმა საქართველოს ყველაზე ცივი ზამთარი მოუწყო.

„ხელისუფლებამ ვერ ისწავლა, რომ მთელი ორიენტაცია არ უნდა ჰქონდეს აღებული რუსეთზე, რადგან რუსეთს აქვს არასტაბილური ბაზარი და ახლა უარესზე მივდივართ, ვაპირებთ, ჩამოვეკიდოთ რუსეთის სახელმწიფო კომპანიას, რომელიც როდის რას გაგვიკეთებს, არავინ იცის,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

"თავისუფალი დემოკრატები" კი "გაზპრომთან" დაკავშირებული საკითხის განხილვას პარლამენტში მოითხოვენ.

"საზოგადოების ზურგს მიღმა ფარულად მოლაპარაკებების წარმოება ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება არის უპასუხისმგებლო და მეორე მხრივ, ბადებს შეკითხვებს და ეჭვებს იმაზე, რომ აქ პირადი ინტერესებია წინ წამოწეული“ - აღნიშნა პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

„თავისუაფლი დემოკრატების“ ხელმძღვანელს აინტერესებს რატომ აკეთებს სახელმწიფო აქცენტს რუსულ გაზზე, პოლიტიზირებულია.

„მე უფრო შორს მიმავალ გეგმებს ვხედავ. ღია დებატები უნდა გაიმართოს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება ენერგეტიკის გუნდს პარლამენტში მოვთხოვოთ ახსნა-განმარტებები, თუ რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რა შეთანხმებები იქნა მიღწეული და ეს ხომ არ გაგვხდის კვლავ დამოკიდებულს რუსულ გაზზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

პრემიერ-მინისტრის ბაქოში გასაიდუმლოებულ ვიზიტს რაც შეეხება ალასანიამ აღნიშნულ ემაზე განაცხადა, როდესაც რაღაცას აფუჭებ წინდაუხედავად, თუ გამიზნულად და არ გყავს შენი სტრატეგიული პარტნიორები ინფორმირებული, ბუნებრივია, შემდეგ გიწევს ამის გამოსწორება.

„ნიუპოსტი“ კალაძე-ღარიბაშვილის დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ესაუბრა.

პეტრე ცისკარიშვილი „გაზპრომთან“ დაწყებულ მდგომარეობას ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.

„კალაძისა და ღარიბაშვილის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს მაგონებს. შევარდნაძის პერიოდში სამშობლოს დამოიკიდებლობა პირად კეთილდღობაზე იყიდებოდა ანალოგიური ხდება დღეს. სახეზე გვაქვს სრული უუნარობა და დესტრუქციული მთავრობა, რომელმაც იცის, რომ გაზპრომი არის რუსეთი და რუსეთი არის გაზპრომი მაგრამ მასთან მოლაპარაკებაზე მაინც მიდის“- აღნიშნა ენმ -ს წევრმა.

რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას, „გაზპრომთან“ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებებს აქციაზე გააპროტესტებენ. საზოგადოების ნაწილი მთავრობის კანცელარიასთან, 17 ოქტომბერს, 16:00 საათზე შეიკრიბება.

„საქართველოს თავისუფლება საფრთხეშია - ხელისუფლებას გაზპრომის ხაფანგში შევყავართ. რუსული გაზი პუტინის გეოპოლიტიკური იარაღია.

"გაზპრომზე" დამოკიდებულება ნიშნავს დამორჩილებულ, ღარიბ, გაყინულ და ბნელ საქართველოს. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ჩვენი ხალხის მონაპოვარია. ჩვენ ის არ უნდა დავთმოთ“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კახა კალაძე კი მორიგ შეხვედრას "გაზპრომის" წარმომადგენლებთან უახლოეს პერიოდში გამართავს.

დავით ჯაბაშვილი

"ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სასტიკი მკვლელობა – ორი დღის ჩვილს სახრახნისით 100 ჭრილობა მიაყენეს და ხრამში გადააგდეს
მეტეორის ჩამოვარდნის უიშვიათესი კადრები (ვიდეო)
ძალიან მსუქანი ციყვი, რომელიც ჩიზბურგეს შეექცევა – ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიარა (ვიდეო)
სახლში ჩაკეტილმა 5 და 7 წლის ძმებმა, ბებიის ცხედართან ერთი კვირა გაატარეს
სასტუმრო „ჰარი პოტერის“ სტილში – ადგილი, სადაც გრიფინდორის მოსწავლედ იგრძნობთ თავს (ფოტო)
ქალი, რომელიც ორი წელი დაკარგულად ითვლებოდა, ზღვაში ცოცხალი იპოვეს (ვიდეო)
"ახალ წელს ქმარმა მიღალატა..." - შორენა ბეგაშვილის ახალი გადაცემა და ემოციური მონოლოგი(ვიდეო)
ავტომობილიდან მოსაშარდად გადასულ 4 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცის“ განცხადება - ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება მარნეულში სახელისუფლებო პარტიის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42