საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის რკინიგზის უპირობოდ გახსნის საკითხის განხილვის შეჩერებას.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე განხილვის დაწყება გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, რომელიც დააზარალებდა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფერს მისცემდა საქართველოს ეკონომიკური თვალსაზრისითაც. "გარკვეულ საკითხებში ჩნდება რეალისტური ნოტები", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველო-რუსეთის რკინიგზის გახსნა აფხაზეთის რეინტეგრაციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა:
"უფრო მეტიც, ეს არის აფხაზეთის რეინტეგრაციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. ბოლო დღეებში მთავრობის მხრიდან მოვისმინე ახალი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს პროექტი ახლა აღარ განიხილება და არის გრძელვადიანი განხილვისა და დისკუსიის თემა. მე უდავოდ ამას მივესალმები", - აღნიშნავს ქვეყნის პირველი პირი.
მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მთავრობის მოქმედებებში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უკვე გაჩნდა გარკვეული რეალიზმის ნიშნები.
"ეს არის ის შემობრუნება, რომელსაც არ შეიძლება არ მივესალმოთ", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.




