პოლიტიკა
"სპეცდანიშნულების ძალების მომზადების კურსი ითვალისწინებს გაუსაძლის პირობებს"
"სპეცდანიშნულების ძალების მომზადების კურსი ითვალისწინებს გაუსაძლის პირობებს"
09:19 18.02.2013

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ჯარისკაცებისადმი არაადამიანური მოპყრობის ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

 


"ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ მამუკა აბაშიძის მიმართვას, რომელიც ინტერნეტპორტალ "პრესა.ჯი"-ზე გამოქვეყნდა:

 

მიმართვა

 

"2000 წლიდან ვმსახურობ სპეცდანიშნულების ძალებში, როგორც თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე არ დამიწყია მსახური ხელმძღვანელად და გავიარე ყველა ის ეტაპი რასაც გადის ნიბისმიერი სპეცრაზმელი. ვარ საქართველოს რიგითი ჯარისკაცი და სამხედრო საქმის გარდა ცხოვრების განმავლობაში სხვა არაფერი მიკეთებია.

 

ჩემი 13 წლიანი სამსახური ყოველთვის მოიცავდა სპეცდანიშნულების ძალებს რა დროსაც ძალიან ბევრი საბრძოლო ამოცანა შემისრულებია. ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი პირადი შემადგენლობიდან ყველამ კარგად იცის ჩემი მიდგომა თითოეული მათგანის მიმართ.

 

პირველ რიგში, გამოვირჩევი მკაცრი დისციპლინით, მაგრამ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ჯარისკაცის ღირსების შელახვა, ცემა და ამგვარი მიდგომა, რაც ჯარისკაცის სულისკვეთებას დააკნინებს. თუმცაღა ყოველთვის ვიყავი მომთხოვნი თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ და ამის მაგალითს პირადად ვაძლევდი, ეს იყო ფიზიკური მზადყოფნა თუ სხვა უნარჩვევები, რომელიც მისი და მისი გუნდის გადარჩენისთვის აუცილებელია.

 

სპეცდანიშნულების ძალების მომზადების კურსი მოიცავს გაუსაძლის პირობებს, წარმოუდგენელსაც კი, გარკვეული დღეების განმავლობაში ტალახში, დიდი ტვირთებით ვარჯიშს, კერძოდ მორებით და დიდი საბურავებით, 2 დღე-ღამის განმავლობაში უძილობას, ტყეში საკვების მოპოვებას, რთულ მეტეოპირობებში დისტანციების გავლას და ამოცანის შესრულებას და ა.შ. კურსს ასევე თან სდევს თეორიული და სხვა პრაქტიკული მეცადინეობები.

 

ეს არის ძალიან მკაცრი და მძიმე კურსი და ჩემი ინფორმაციით ამ დანაყოფმა დასმული დავალების 30%-იც ვერ შეასრულა, რადგანაც არ იყო ამისთვის მზად.

 

ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია ის განცხადება თითქოს მე 2 წუთის განმავლობაში წაქცეულ ჯარისკაცს ვაყენებდი ფიზიკურ შეუარცხყოფას. ჩემი ცხოვრების და მსახურის განმავლობაში ფორმიანი ადამიანი ყოველთვის იყო საპატივცემულო და არასდროს მიფიქრია მათი შეურაცხყოფა. თითეულ მათგანს აღვიქვამდი როგორც ჩემს გვერდზე მებრძოლს და არა აქვს მნიშნელობა ის ჩემს დანაყოფში იყო თუ არა.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით საკუთარ თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ჩემთვის არავის დაუვალებია ის გადამეტებული ქმედება, რაზეც ბრალდებაშია საუბარი. სპეცდანიშნულების ძალების წარმომადგენლების მიმართ წამებას და ღირსების შემლახველ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, ამ სიმართლეს სასამართლოზე დავამტკიცებ და მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირნათლად მსახურს.

 

ვემსახურები საქართველოს!"

 

მამუკა აბაშიძე

ვიცე-პოლკოვნიკი, სპეციალური დანიშნულების ძალების მეთაური

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა