
ტვიტერის, ინსტაგრამის და ფეისბუქის სხვადასხვა გვერდები ერთი თვის განმავლობაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ნასას თქმით დედამიწას 2020 წლის 29 აპრილს 4 კილომეტრიანი ასტეროიდი დაეჯახება, რაც გამოიწვევს კატასტროფას.
გავრცელებული ინფორმაციით ჰიმალაის ზომის ასტეროიდი ისევე გაანადგურებს ადამიანებს, როგორც ეს მილიონობით წლის წინ დინოზავრების შემთხვევაში მოხდა.
შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან სხვადასხვა ენაზე და გვერდზე გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რა ხდება რეალურად? ასტეროიდი სახელწოდებით 52768 (1998 OR2) არის 1.8 კმ-დან 4.1 კმ-მდე ზომის, რომელიც დედამიწას 2020 წლის 29 აპრილს ჩაუვლის. როგორც ნასა იტყობინება, ასტეროიდი დედამიწიდან 4 მილიონი მილის დაშორებით ჩაივლის. ცნობისთვის, ეს არ არის ახალი ასტეროიდი, არამედ ის 1998 წლის ივლისში აღმოაჩინეს.
მართალია, 1998 წელს ასტეროიდს „პოტენციურად რისკიანი“ ეწოდა, რადგან ის დედამიწის ორბიტასთან ახლოს ჩაივლის და საკმარისად დიდია იმისთვის, რომ სერიოზული ზიანი მიაყენოს პლანეტას. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილზე 16-ჯერ შორს ჩაივლის ზემოაღნიშნული ასტეროიდი 2020 წლის აპრილის ბოლოს. შესაბამისად, ის მოსაზრება, რომ 4 კმ ზომის უზარმაზარი ასტეროიდი 2020 წლის 29 აპრილს დედამიწას გაანადგურებს არის მითი და არა რეალობა.
მასალის გამოყენების პირობები
