31 ოქტომბერს ჩვენ, ყველა ერთად საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას.
„ ეს მოედანი, რავალჯერ გამხდარა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების და ისტორიული დღეების ამსახველი, სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს ჩვენ თავისუფლების მოედანზე, რათა გამოვაცხადოთ ჩვენი მყარი გადაწყვეტილება -31 ოქტომბერს ჩვენ, ყველა ერთად საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ.
ძალიან მძიმე რვა წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ გამეფდა ქვეყანაში უსამართლობა, როგორ დააჩოქა ივანიშვილმა ჩვენი სასამართლო, ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ გაღატაკდა ჩვენი მოსახლეობა და როგორ ჩამოიშალა ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასე იყო ნაშენები წლების განმავლობაში, ეს იმიტომ, რომ ერთმა კაცმა სახელმწიფოს მიტაცება გადაწყვიტა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილები და არ მივცემთ საშუალებას ოცდამეერთე საუკუნის ფეოდალს, რომ ეს ქვეყანა მიიტაცოს“,- აღნიშნა უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობა ითხოვს ცვლილებებს.
„მართლაც, ისტორიული არჩევნები გველოდება წინ, მეგობრებო. ახლა არის საჭირო ერთ მუშტად შეკვრა და ჩვენი ნების გამოხატვა და მჯერა, რომ ასე იქნება და ამის საფუძველს მაძლევთ თქვენ, ამდენი რომ ხართ შეკრებილი ამ მოედანზე. 31-ში როგორც ერთი, ისე ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გამოვხატოთ ჩვენი ურყევი ნება. ჩვენი მოსახლეობა ითხოვს ცვლილებებს, ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ცვლილებებს და ჩვენი მოსახლეობა აუცილებლად შეცვლის. გამარჯვებამდე დარჩა ორი დღე და დარწმუნებული ვარ, სულ რაღაც ორ დღეში, საღამოს რვა საათზე ისევ ერთად, აი ასე ხალხმრავლად, ყველა ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გამარჯვებას“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები