
კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის გოგონას ოჯახი მედიკოსებს უყურადღებობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. მათი თქმით, ექიმებმა დახმარების ნაცვლად საძილე საშუალებებს ასმევდნენ, ექიმი არც კი ეკონტაქტება.
ოჯახი ახალგაზრდა ქალის შეტყობინებას ასაჯაროებს, სადაც ჩანს როგორ ექცოდნენ მედიკოსები გოგონას და რა მდგომარეობაში იყო. გარდაცვლილმა ახლობლებს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გაუგზავნა.
"იმ დონემდე ვიყავი, მეგონა ვეღარც გავუძლებდი. მიმაგდეს დაბლა და წამალიც არ მომცეს", - წერდა 24 წლის ქალი.
აქვე გეტყვით, რომ ნინო გულიკაშვილს საეჭვო სიმპტომები 3 დღის განმავლობაში გამოუვლინდა. ამ პერიოდში ოჯახი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, პაციენტი სამკურნალოდ მცხეთის ცხელების ცენტრში მიიყვანეს, რადგან შეიტყვეს, რომ კლინიკაში თავისუფალი ადგილი იყო. ცხელების ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ქალი 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკიდან გაწერის დღეს დამძიმდა.
სამედიცინო დაწესებულება კი ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ გოგო მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მას თანმდევი დაავადება ჰქონდა, რომლის შესახებაც ოჯახმა არაფერი იცის.
გარდაცვლილის თანამშრომლების თქმით, კი გოგონას არ ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და თანმდევი დაავადებები.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი 1 დეკემბერსგარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები
