ხმაური პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან - სადაც აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა შენობასთან არსებულ რკინის კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთება და ასევე სობჭოთა სიმბოლიკის დამაგრება სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
დაძაბული ვითარების დროს სამართალდამცველებმა ერთ-ერთი აქტივისტის დაკავება სცადეს, თუმცა მოქალაქეებმა ამის უფლება არ მისცეს.
"გუშინ ღამის დაახლოებით 01:30 საათზე, მოვიდნენ და არსებული წარწერები წაშალეს. გვინდოდა, რომ თავიდან გაგვეკეთა წარწერები, თუმცა ამის უფლებას არ გვაძლევენ. არც გვეუბნებიან რის საფუძველზე გვიკრძალავენ ამის გაკეთებას. ეს არის დროებითი ღობე და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია წარწერის გაკეთება. მე პირადად პოლიციამ წამართვა პულვილიზატორი და სადღაც მოისროლა. ჩვენ მაინც დავწერთ ამ წარწერებს, რადგან ამის უფლება გვაქვს“, - ამბობს აქტივისტი ნიკა კვიტატიანი.
სამოქალაქო ატივისტების თქმით, მათ ჰქონდათ სურვილი პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებზე წარწერები გაეკეთებინათ, რისი საშუალებაც არ მისცეს.
"ღობეზე ვაწერდით, რაც არ ისჯება კანონით, იმის გამო, რომ ვაწერთ "ბიძინას მონებო" , ამის გამო გვაკავებენ?! ეს ბიჭები, პოლიციელები გვეცოდებიან",-აცხადებს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში პერმანენტული აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოპოზიციაში შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
მასალის გამოყენების პირობები