გეგა გეგეშიძე ისევ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, თუმცა ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
გადაწყვეტილება ფედერაციამ დღეს მიიღო. გეგეშიძე 22 ხმით, 4 წლით აირჩიეს.
ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა ყოფილ გენერალურ მდივან გოჩა ჩორგოლიანსაც, თუმცა ის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა.
"დღეს ისევ ხდება ჭიდაობის ფედერაციის პოლიტიკური ხულიგნის მიერ ოკუპაცია, ყოველგვარი კანონის დარღვევით. ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის გეგეშიძე. ის არის პოლიტიკური ხულიგანი, ბერბიჭაშვილის მსგავსი, დასაჭერია, თავისი ბანდით, კორცხელში მონაწილე და არამარტო კორცხელში მონაწილე ბანდით", — აცხადებს ჩორგოლიანი.
ფედერაციაში განმარტავენ, რომ კანდიდატი უნდა წარედგინა ფედერაციის წევრი 22 იურიდიული პირიდან ერთ-ერთს და რადგან ჩორგოლიანი თბილისის ჭიდაობის ფედერაციას წარმოადგენს, სწორედ ამ ფედერაციის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. თუმცა ჭიდაობის ფედერაციის იურისტი აცხადებს, რომ ჩორგოლიანი მის ფედერაციას არ წარუდგენია და თავად ჩორგოლიანის ინდივიდუალურ განცხადებას ვერ დაარეგისტრირებდნენ, რადგან წესდება ამას არ ითვალისწინებს.
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას აქამდეც იკავებდა. ის არის ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი, ამასთან, მისი სახელი რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტაც უკავშირდება. 2019 წლის 11 იანვარს გეგეჭიძემ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს სახეში მუშტი ჩაარტყა. ვიდეოში ჩანს, რომ ფედერაციის პრეზიდენტს ხელში გარკვეული ნივთი უჭირავს, რომელსაც სპორტსმენის მიმართულებით იქნევს და შემდეგ მუშტს არტყამს. ამის შემდეგ დათუნაშვილს სახიდან სისხლი მოსდის. 22 იანვარს გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე, ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი შეუნარჩუნა.
აქვე გეტყვით, რომ ყველაზე გახამურებულ, კორცხელის საქმეს გეგა გეგეშიძეს უკავშირებენ, 2016 წელს კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმაა. ინციდენტში მისი ძმა, მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მონაწილეობდა. მას ამ საქმეზე ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა და 7 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.
მასალის გამოყენების პირობები