პარტია "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოგა ხაჩიძე, ამბობს, რომ პარტიის გაყოფის გადაწყვეტილება არა წინასწარ მოფიქრებული, არამედ, სპონტანური იყო. ხაჩიძემ ხაზგასმით აღნიშნა პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ახლა ზურა ჯაფარიძემ უნდა აიღოს.
გოგა ხაჩიძე არ უარყოფს და ადასტურებს, რომ პარტიის შიგნით გარკვეულ უთანხმოებას ადგილი ჰქონდა, თუმცა გაყოფის მიზეზი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ არის.
"ის, რაც ეხლა ხდება, დიდწილად არის ზურა ჯაფარიძის დამსახურება, კარგ კონტექსტშიც და ცუდ კონტექსტშიც და მასზეა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა პარტიაშიც და მხარდამჭერებთანაც, რომ ეს სიტუაცია, რაც შეიძლება, დროულად იქნას დალაგებული და "გირჩმა" გააგრძელოს თავისი საქმიანობა.
მეგრელიშვილი ამბობს, რომ 1 წელი ზურა ჯაფარიძე ხმას არ სცემდა. ასევე, ამბობს, რომ მოთხოვნაში იყო ისიც, რომ ადამიანებს ნორმალურად ელაპარაკეთ და მოწევას თავი დაანებეთო. იაგო ხვიჩიამ პოსტი დაწერა ამ დღეებში, სადაც ჩამოთვალა ის რამდენიმე ამბავი, სადაც, მისი აზრით, და ვეთანხმები, რომ უსამართლოდ მოხვდა ტალახი", - განუცხადა ხაჩიძემ "მთავარს".
ხაჩიძე განმარტავს, რომ პარტია არ ეკუთვნის არც ზურას, ვახოს ან იაგოს, არამედ ეკუთვნის მის მხარდამჭერებს, რომლებმაც პარტიის წინა ყრილობის მსგავსად, "გირჩის" გაყოფასთან და ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.
"სათქმელი მოდის იქიდან, რომ "გირჩს" ცოტა ხნის წინ 55 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ამ კორონიან ქვეყანაში. ამ ადამიანებიდან მაქსიმუმი შეიძლება იყოს 4 000 ადამიანი, რომელიც 100%-ით იზიარებს "გირჩის" შეხედულებებს ან იცნობს საერთოდ მათ. დანარჩენი არის ემოცია, იმედი, რომელიც რაღაც საინტერესო პარტიის გამოჩენას უკავშირდება, დანარჩენი არის სიახლე, ნდობა, ნაცნობობა, თხოვნა, მეგობრობა და ა.შ. ის 4 მანდატი, რომელიც "გირჩმა" მიიღო, აი, ასეთი რამეებისგან შედგება. 100%-ით "გირჩის" იდეების გამიზარებელმა ხალხმა კი არ შექმნა ის მანდატები, არამედ ამ ხალხმა შექმნა", - ამბობს გოგა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გახდა ცნობილი , რომ "გირჩი" იყოფა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები