ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ომანში, პორტში არიან გაჩერებულები დახმარებას ითხოვენ. მეზღვაურების თქმით, გემის დატოვებასა და ხმელეთზე გადასვლას ვერ ახერხებენ.
მეზღვაურებს ესაჭიროებათ საკვები, სასმელი წყალი და მედიკამენტებიც, რომელთა მარაგიც თითქმის ამოეწურათ. გემის ეკიპაჟი 24 წევრისგან შედგება, მათგან 15 საქართველოს მოქალაქეა, მათ ორი თვის წინ ჩამოართვეს პასპორტი და დოკუმენტაცია, რის გამოც მათ ომანში გადაადგილების უფლებაც არ აქვთ.
"არც წყალი, არც შუქი, არც საჭმელი, ფაქტიურად გვაშანტაჟებენ, ასე გამოდის. პრობლემა დაახლოებით, დაწყებულია 2 თვის წინ, ვიმყოფებით ომანში, კომპანია ჩვენზე პასუხისმგებლობას აღარ იღებს, არც საკვებზე, არც წყალზე, არც ხელფასზე. პასპორტებს არ აბრუნებენ უკან, ჩვენი მოთხოვნაა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება", - ამბობს, მეზღვარური, ზურა თურმანიძე.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავის გამო გემი გაჩერებულია ომანში.
მათი თქმით ისინი ყველა ჩართულ მხარესთან მუშაობენ, როგორც მეზღვაურებთან, ასევე, გემის მფლობელთან, ტვირთის მფლობელთან და მის აგენტთან ომანში.
"სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მეზღვაურები ამჯერად არიან ნორმალურ პირობებში, პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩოც, რომელმაც უკვე მიმართა ომანურ მხარეს ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი განცხადებით, საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდებიან.
მასალის გამოყენების პირობები