რას აპირებს ამირან გამყრელიძე - პირველი საგანგებო განცხადება თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

გამყრელიძე.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განცხადებას ავრცელებს. გამყრელიძის თქმით, მან გადაწყვიტა, მრავალწლიანი გამოცდილება სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას მოახმაროს.

როგორც გამყრელიძე წერს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა.

„გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა. ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ და მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი შემდგომი თაობებისთვის იგი უკვე ცხოვრების ნორმა, ყოველდღიურობაში დამკვიდრებული მიდგომა იყოს. ავადობის ძირითადი ტვირთის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია და მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც მეცნიერულად დასაბუთებული და მრავალ წამყვან ქვეყანაში უპირობოდ აღიარებული სწორი და ეფექტური მიდგომაა. განსაკუთრებულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც ჩემი შეხედულებით, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს. გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები და დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს ხელშეწყობის სტრატეგია და მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. ასევე უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე ბევრი მნიშვნელოვანი დაავადების დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და გამოვლენა, მათ შორის კიბოსა და სხვა წამყვანი ქრონიკული დაავადებების. ქვეყანაში უფრო მეტად ხელშეწყობილი უნდა იყოს მედიცინის დიგიტალიზაცია, გაძლიერდეს პრეციზიოზული, მიზნობრივი და გენომური მედიცინა და მასზე დაფუძნებული მეთვალყურეობა, გენომის შესწავლა, რაც 21-ე საუკუნის მედიცინის ქვაკუთხედია. ყველა არსებული და ახალი მიდგომა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებსა და სამეცნიერო ფაქტებს. ამის გარანტია ეროვნული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაა, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კავშირი და უკუკავშირი, რასაც ახორციელებს ჩვენი ცენტრი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა.

სამწუხაროდ ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი. ახლო მომავალში უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია და ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მეთვალყურეობა და კონტროლი, მაქსიმუმამდე უნდა იყოს აყვანილი იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები და მინიმუმამდე დაყვანილი ვაქცინით მართვადი დაავადებები, გაუმჯობესდეს ინტერსექტორული თანამშრომლობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში, დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებში მუდმივად ხდებოდეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ინტეგრირება, გაუმჯობესდეს რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და შემცირდეს მათი ნეგატიური გავლენა. ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი ქალაქის პრინციპების განმახორციელებელი დასახლებების რაოდენობა, მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანმრთელობის ფარგლებში ამაღლდეს ცნობიერება და მაქსიმალურად დაინერგოს „ჯანსაღი ცხოვრების“ მიდგომები.

მწამს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, მდგრადობას, კეთილდღეობასა და სწორ განვითარებას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, მათ შორის დღეს დაკავებული პოზიციიდან, ამისკენ იყო მიმართული, ამ მიზნის მიღწევისთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი მთელი პროფესიული კარიერის მანძილზე, ვასწავლიდი და ვუზიარებდი ჩემს სტუდენტებს და შემდგომშიც ენთუზიაზმით გავაგრძელებ ამ მიმართულებით მოღვაწეობას. ვამაყობ, რომ მომეცა საშუალება, წლების მანძილზე მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს დიდი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამ პერიოდში ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სხვადასხვა პლატფორმიდან, საქართველოს სახელი ღირსეულად წარმომეჩინა და წარმედგინა, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო ინიციატივასა და აქტივობაში, რითაც ქვეყანა უფრო ცნობადი, დაფასებული და წარმატებული გახდა გლობალურ სამედიცინო ოჯახში და კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ.

და ბოლოს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მინდა მადლობა გადავუხადო 2013 წლის დასაწყისიდან, ჩემი ამ პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული, ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას - აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს, ცალკე გამოვყოფ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩვენი ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც სწამდა და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციები, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ რჩევებს და აღასრულებს მათ. როგორც მოსახლეობის კეთილგანწყობა, ასევე პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საქმიანობისთვის, დასახული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის, რაც კვლავ და კვლავ ქვეყნის ჯანდაცვის ინდიკატორების და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით გამოიხატება.

ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს. ჩემი მხრიდან, მინდა წარმატება ვუსურვო ცენტრის მომავალ ხელმძღვანელს, ასევე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალგაზრდა თაობას, რომელთა დაოსტატება და განვითარება ჩემი მუდმივი საზრუნავი იყო და ყოველთვის დიდი ხალისით და უკეთესი მომავლის იმედით ვცდილობდი მაქსიმალურად შემეწყო მათთვის ხელი. იმედს ვიტოვებ, რომ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება საუკეთესო შედეგით, ხოლო ახალი წამოწყებები კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას.

მადლობა ჩემთვის მოცემული შესაძლებლობებისთვის. მუდამ საქართველოსა და ჩვენი თითოეული მოქალაქის სამსახურში მიგულეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ხუხაშვილი
«Операция прикрытия» – რა მიზანი აისრულა ივანიშვილმა “აგენტების კანონით” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: მიმდინარე მოვლენების ლოგიკის, უფრო სწორად ალოგიკურობის ახსნა შესაძლებელია შემდეგი თეორიით, თუ გნებავთ დღეის მდგომარეობით “შეთქმულების თეორიით”:ხელისუფლის რეალური მიზანი გახლ...

პოლიტიკა 1713582988

ახალგაზრდები რუსთაველზე
,,მგონი, უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად“ - მამუკა ღლონტი

ახალგაზრდების საპროტესტო მსვლელობას ასე, ნახევრად ხუმრობით ეხმურება ,,მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი: ,,მგონი უსინდისო ვარ!წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგ...

სოცმედია 1713582896

გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580